არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი, საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ფრანგული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია.
მისი თქმით, მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს, ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას.
„მხოლოდ ფრანგული მედიის სტატიაა, არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია, შინაარსს ვენდოთ, მაგრამ როგორც სტატიაშია ნათქვამი, თურმე, დაზვერვის ორი აგენტი ყოფილა, რომელიც თავად გაიწვიეს. ეს თუ სიმართლეა, თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი. არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა გამოავლინონ. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი. ყველა სხვა, ვინც არის და არ არის ამ ქვეყნის ნაწილი. საქართველოში არავის დაზვერვას არაფერი ესაქმება. მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. თავი დაზვერვას და ჯაშუშობას ყველამ დაანებოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.