რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლესი რადა და პრეზიდენტის ოფისი არ წარმოადგენენ „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“, რომლებზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაძლო დარტყმების შესახებ განაცხადა.
„პირველ რიგში, უმაღლესი რადა არ არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი - ისევე როგორც რუსეთში, მაგალითად, ასეთი ცენტრი არ არის სახელმწიფო დუმა. დეპუტატები არ აკონტროლებენ ჯარს და არ წყვეტენ, სად და როდის განხორციელდება დარტყმები. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის პრეზიდენტის ოფისზეც.
ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ ზელენსკი იქ არ ჩნდება. ის ბუნკერში ზის, ხოლო ოფისში ორი მცველი და ხუთი დამლაგებელია. აზრი აქვს თუ არა ძვირადღირებული საბრძოლო მასალის ხარჯვას, პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე?
ამიტომ„გადაწყვეტილების მიღების ცენტრებში“ იგულისხმება უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიწისქვეშა და კარგად დაცული მართვის პუნქტები, რომლებიც, შესაძლოა, არც კიევის ცენტრში მდებარეობდეს. ეს არის დამალული, კარგად გამაგრებული პუნქტები. ჩვენი ამოცანაა მათი აღმოჩენა და გამოვლენა არსებული იარაღის გამოყენებით,“ - განაცხადა ანდრეი კარტაპოლოვმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა დარტყმის სამიზნე თავად ვოლოდიმირ ზელენსკი იყოს, კარტაპოლოვმა აღნიშნა: "ამას მხოლოდ ერთი ადამიანი განსაზღვრავს“ - რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი".
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. უწყებამ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი იწყებს დარტყმებს უკრაინაში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“.