აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს სთხოვა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ვლადიმირ პუტინის გზავნილი გადაეცა იმის შესახებ, რომ რუსეთი კიევზე იერიშების მიტანას გეგმავს.
რუბიოს თქმით, მათ ლავროვთან განიხილეს რუსეთის მოწოდება, რომლის მიხედვითაც უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს ახალი რუსული იერიშების წინ კიევი უნდა დაეტოვებინათ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს გაფრთხილება ყველა საელჩოს გაუგზავნა და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, თუმცა ლავროვმა მას პირადად დაურეკა, რათა ეს ინფორმაცია თავად გადაეცა.
„პუტინს სურდა, რომ მას ეთხოვა ჩემთვის პრეზიდენტისთვის ამ გზავნილის პირდაპირ გადაცემა, რაც მეც გავაკეთე. თუმცა, ცხადია, ჩვენ უკვე ვნახეთ შეტყობინება, რომელიც ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაეგზავნა“, - თქვა რუბიომ.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონკრეტული გრაფიკი ჯერ არ არსებობს, თუმცა „აშშ ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული როლი შეასრულოს“.
„ყოველ ჯერზე, როცა ერთ-ერთი მხარის მხრიდან ასეთ მასშტაბურ დარტყმებს ხედავთ, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ უნდა დასრულდეს ეს საშინელი ომი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომზე მეტხანს გრძელდება. აშშ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ ომის დასრულების ხელშესაწყობად და იმედი გვაქვს, რომ ამის შესაძლებლობა გარკვეულ ეტაპზე გაჩნდება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.