დღეს, 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან.
საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.
თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა. თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარების ნებართვა არ გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
შსს-სა და თბილისის მერიის პოზიციის მიუხედავად, “ოპოზიციური ალიანსი” გეგმების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს დაგეგმილი აქცია მაინც გაიმართება.