აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის სამხრეთში ახალი დარტყმები განახორციელა.სამიზნე ირანული სარაკეტო ობიექტები და კატერები იყო, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იერიშები „თავდაცვის მიზნით“ ჩატარდა და მიზნად ამერიკული ძალების ირანული საფრთხეებისგან დაცვას ისახავდა.
ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები „აგრძელებენ საკუთარი ძალების დაცვას და ამავდროულად თავშეკავებას ინარჩუნებენ ორ ქვეყანას შორის მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის ფონზე“.
ირანს ამერიკულ იერიშებზე ჯერ პასუხი არ გაუცია. თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ მანამდე აღნიშნა, რომ ომის დასრულებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი არსებობს, თუმცა შეთანხმება „ჯერ ახლოს არ არის“.
ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს ეს დარტყმები აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე.
იერიშების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რიბიომ განაცხადა, რომ შეთანხმება კვლავ შესაძლებელია და ყურადღება გაამახვილა სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე ირანის მთავარ მომლაპარაკებელს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის.
„ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პროგრესის მიღწევას. ახლა ძირითადად საწყისი დოკუმენტის კონკრეტულ ფორმულირებებზე მიდის განხილვა, ამიტომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება“, - უთხრა რუბიომ ჟურნალისტებს ინდოეთში ვიზიტისას.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოთქვა“.