ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება ან საერთოდ არ იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც ირანთან გააფორმებენ სრულიად საპირისპირო იქნება იმ დოკუმენტის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს გაფორმდა.
„მე მეცინება ყველა დემოკრატზე, რესპუბლიკელებზე მხოლოდ სახელით (RINO) და სულელებზე, რომლებმაც არაფერი იციან იმ შესაძლო შეთანხმების შესახებ, რომელსაც ირანთან ვამზადებ - ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მოლაპარაკებებიც კი ჯერ არ დაწყებულა.
სუსტი და არაეფექტური ადამიანები, როგორიცაა წარუმატებელი სენატორი ტომ ტილისი (მალე თანამდებობასაც დატოვებს!), ბილ კესიდი, რომელმაც პრაიმერიზში გამანადგურებელი მარცხი იწვნია, მართლაც საშინელი კონგრესმენი თომას მასი - ნამდვილი არამზადა, რომელმაც დიდი სხვაობით წააგო ნამდვილ ამერიკელ პატრიოტთან („ტრამპის“ მხარდაჭერით) მას შემდეგ, რაც საკუთარი პარტიისა და ქვეყნის მიმართ უკიდურესი არალოიალურობა გამოავლინა და თითქმის ყველა დემოკრატი.
ეს ადამიანები გზას სრულად ასცდნენ - მუდმივად მხარს უჭერენ ცუდ პოლიტიკასა და კიდევ უფრო ცუდ კანდიდატებს, და ამავე დროს აკრიტიკებენ ჩემს ყოველ შესანიშნავ გამარჯვებას. ისინი სახლში უნდა წავიდნენ და დაისვენონ - არაფერს აკეთებენ, გარდა განხეთქილებისა და წარუმატებლობის შექმნისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ლუზერები არიან!
ირანთან შეთანხმება ან დიდებული და მნიშვნელოვანი იქნება, ან საერთოდ არ იქნება. ის სრულად განსხვავებული იქნება JCPOA-ს ["ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“] კატასტროფისგან, რომელიც ობამას წარუმატებელმა ადმინისტრაციამ გააფორმა და ირანისთვის ბირთვული იარაღისკენ პირდაპირ და ღია გზას წარმოადგენდა. არა, მე ასეთ შეთანხმებებს არ ვდებ!“ - წერს დონალდ ტრამპი.