იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით შეტევას გამოეხმაურა.
იტალიის მთავრობის ინფორმაციით, მელონიმ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის იერიში მკაცრად დაგმო.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის მძლავრ შეტევას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარტყა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ამასთან, გამოყენებული იარაღის მასშტაბი მუდმივად იზრდება“, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, იტალია ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვიმუშავებთ ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა ხელი შევუწყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის პროცესს“, - აღნიშნა მელონიმ.