კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს გმობს.
ამის შესახებ მარკ კარნი პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთი კვლავაც ვერ აფასებს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, სიმტკიცესა და ძალას, მიუხედავად იმისა, რომ აგრძელებს დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სკოლებზე, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებზე.
კარნიმ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი იერიშები მისი დამარცხების ფაქტს ვერ ცვლის.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დარტყმები და დაასრულოს ეს უკანონო აგრესიული ომი. ის მხოლოდ ახანგრძლივებს ადამიანების ტანჯვას და ვერანაირად ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი ამ ომს აგებს. კანადა გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისა და ევროპისთვის“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი კომბინირებული იერიში მიიტანა - გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები და დრონები. მთავარი მიმართულება კიევი იყო, სადაც წინასწარი მონაცემებით 56 დაშავებული და 2 დაღუპულია.