აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს პირობა დადო, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის.
„მან თქვა, რომ ირანს სამხედრო ტექნიკას არ მიაწვდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. მან ეს დღეს თქვა“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, სი ძინპინმა ეს „ძალიან მკაფიოდ“ განაცხადა.
თუმცა, ტრამპის თქმით, ჩინეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა ირანთან ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ნავთობის შესყიდვებს. ტრამპის განცხადებით, ჩინეთი ირანისგან „დიდი რაოდენობით ნავთობს“ ყიდულობს და სი ძინპინმა უთხრა, რომ „ამის გაგრძელება სურთ“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინი ჰორმუზის სრუტის გახსნის მომხრეა. ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი უკმაყოფილო იყო ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი სრუტეში გადაადგილებისთვის გადასახადების დაწესებას ცდილობდა.