საქართველოს ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობლის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით ვესაუბრებით საეკლესიო მწერლობის ცნობილ მკვლევარს ბატონ საბა მეტრეველს
- ბოლო დღეებში ხშირად გვესმოდა, რომ „ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება, რომ ახალი პატრიარქის გამორჩევა ღვთის ნებაა“.
- ეს არის აზროვნების ის მოდელი, რომელსაც ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება და მსოფლმხედველობა ჰქვია. როგორც „წმინდა შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“ ვკითხულობათ: „ზეგარდამომან განგებამან ინება“. პროვიდენციალური მოძღვრება მსჭვალავს ძველ ქართულ მწერლობას. შეგახსენებთ ყველასათვის ნაცნობ ტექსტს, გიორგი მერჩულის „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“, რომელშიც ყველაფერი ღვთის ნებითა და შეწევნით ხდება. აგიოგრაფი სიხარულით გვაუწყებს: წმინდა გრიგოლ ხანძთელი `ნებითა ღმრთისაითა იკურთხა ხუცად"; "ნებითა ღმრთისაითა ვიდრე სიკუდილამდე თვით ვემსახურო თავსა ჩემსა~ _ ამბობს ბერი Ãუედიოსი; `ბაგრატ კურაპალატმან ნებითა ღმრთისაითა... მოიღო კურაპალატობაი" _ გვიხსნის ავტორი და, რაც ასე ესადაგება დღევანდელ დღეს, ეს არის ჯავახეთის საეკლესიო კრება, რომელზეც არსენის კათოლიკოსობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ასეთ უაღრესად მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას ყოველთვის ახლავს შფოთვა, დაპირისპირება და ეს, ალბათ, ბუნებრივიცაა. ქართველი აგიოგრაფი დეტალურად აღწერს პროცესს. მართლაც, ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე დიდი დაძაბულობა იყო. არსენიცა და ეფრემიც, ორივენი, ნეტარი გრიგოლის მოწაფენი იყვნენ, მაგრამ საერო ხელისუფლება ჩაერია კათოლოკოსის არჩევაში და სასულიერო დასიც ორად გაიყო. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ეფრემი არ აპირებდა არსენი „მწყემსად“ ეღიარებინა. და მისი „ცხოვარი“ ყოფილიყო, თუმცა, ბოლოს, ეკლესიის დიდი ავტორიტეტი - გრიგოლ ხანძთელი გამოვიდა სიტყვით კრებაზე. როგორც გიორგი მერჩულე წერს, „მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი“, მტკიცედ და შეურყევლად განაცხადა: `არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაითა კათალიკოზი არს". და ამის შემდეგ „დიდი არსენი ქართლისა კათალიკოზ იქმნა“. „მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭკნობელი“ — ასე მოიხსენიებს გიორგი მერჩულე მას.
დღევანდელი ისტორიული დღე გვიდასტურებს, რომ, მიუხედავად დაპირისპირების მცდელობისა, ეკლესიის წმინდა სინოდმა ნამდვილად გამოამჟღავნა ერთსულოვნება და კეთილგონიერება, შეინარჩუნა სიმშვიდე და სრულიად გამჭვირვალედ, შფოთისა და დრტვინვის გარეშე გამოარჩია ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი.
- ბუნებრივია, ახალ პატრიარქი ახალი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდება. რას უნდა ველოდოთ მისგან?
- ნებისმიერ ახალ მმართველს აქვს ახალი კონცეფცია და ხედვა, რომელიც ეკლესიის გაჯანსაღებისა და განვითარების მოთხოვნითაა განპირობებული. მივმართოთ ისევ ქართულ აგიოგრაფიას. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა „წმინდა გიორგი მთაწმინდლის ცხოვრება“. ვიდრე დავით აღმაშენებელი რუს-ურბნისის საეკლესიო კრებას მოიწვევდა და დიდ საეკლესიო რეფორმას გაატარებდა, მანამდე წმინდა გიორგი მთაწმინდელმა დაიწყო ქართული ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა. მეფე ბაგრატ IV-ის დიდი მცდელობითა და ძალისხმევით საქართველოში ჩამოსული მღვდელმთავრებს ასეთ რეკომენდაციებს აძლევს:
არ აკურთხონ უღირსი მღვდლები;
უბრძანონ მათ, რომ არ აზიარონ მოუმზადებელი და უღირსი პირები;
არ მიეცნენ მატერიალურ კეთილდღეობას (არ შეაგროვონ ოქრო და ვერცხლი);
„უმეტეს ყოვლისა სწყალობდენ გლახაკთა და უღონოთა“.
გიორგი მთაწმინდლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, სასულიერო პირად არ ეკურთხებინათ უღირსნი. საგულისხმოა, რომ მისი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გლახაკთა შემწეობა იყო. გიორგი მთაწმინდლის კრიტიკული განწყობა მკაფიოდ გამოვლინდა იმ რეალობის მიმართ, რომელიც საქართველოში დახვდა. მას „ცხადნი და დაფარულნი უწესობანი“ უნდა აღმოეფხვრა უმთავრესი პრინციპით „წყალობაჲ და სამართალი უყუარს უფალსა“. თუმცა, ამ პროცესში ყველაზე ნიშანდობლივია ერთი ასპექტი: დიდმა ათონელმა ბერმა მხილება თავად ქვეყნის პირველი პირისგან - მეფისგან - დაიწყო. როგორც ღვთის რჩეული და ცხებული, მონარქი უპირველესი პასუხისმგებელია საზოგადოებრივ მორალსა და სულიერ ფასეულობებზე. გიორგი მთაწმინდელი მიიჩნევს, რომ, თუ ქვეყანაში აღარ არსებობს „სამართალი სამეუფო“, მაშინ ყოველივე „მრავალთა უწესოებათათვის“ პასუხი სწორედ მეფეს მოეკითხება. რა თქმა უნდა, მხილება მეფის წინააღმდეგ იყო არა ამბოხი, არამედ ზრუნვა სამეფო ინსტიტუტის სიწმინდეზე. მეფე უნდა ყოფილიყო სამართლიანობის ეტალონი, რათა მას ჰქონოდა მორალური უფლება სხვებისგანაც მოეთხოვა წესრიგი.
ათონელმა ბერმა ქართულ ეკლესიასა და სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება - ღვთის სახედ და ხატად ქმნილი ადამიანი შეახსენა. შესაბამისად, რეფორმის მთავარ საზრუნავად ღირსეული პიროვნების შერჩევა გამოცხადდა („გამოარჩევდეს კაცთა ღირსთა“). მანკიერებათა და „ცთომაჲ უწესოჲს“ აღმოფხვრა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად იქცა, რათა დაფასებულიყო პიროვნული ღირსება; მთავარ პრიორიტეტად ქცეულიყო მოწყალება, ობოლთა და ქვრივთა განკითხვა, გლახაკთა და უღონოთა დახმარება, სიწმინდე და სიკეთე; ემეფა აბსოლუტურ სიმართლეს ისე, რომ სიმართლის სასწორი მიკერძოებულად არ გადახრილიყო არც დიდებულთა და არც მცირეთა სასარგებლოდ.
- როგორ ეკლესიას იბარებს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი, რა პრობლემები ხვდება მას?
- თუ წინა პატრიარქმა სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, ახალი პატრიარქი აღორძინებულ, ორგანიზაციულად და სტრუქტურულად გამართულ ეკლესიას იბარებს. ზოგადად, ეკლესია მოწოდებულია, ქრისტეს მოძღვრება იქადაგოს სიტყვით და საქმით. თუ ამას შევძლებთ, ბევრ პრობლემას ეშველება. ეკლესიის შიგნით არსებულ გამოწვევებზე ვერაფერს გეტყვით - ეს თავად მღვდელმთავრებმა უკეთ იციან. ბუნებრივია, რომ კარგი და ცუდი ყველა სფეროშია და, შესაბამისად, არც ეკლესიაა ამისგან თავისუფალი. ამდენად, ახალი პატრიარქის მთავარი საზრუნავი მაინც „ცთომაჲ უწესოჲს“ გამოსწორება უნდა იყოს. საერთოდ, ღირსეული ადამიანები თავიანთი თავმდაბლობითა და სიმშვიდით ყოველთვის ჩრდილქვეშ დგომას ირჩევენ - ესაა მათი ცხოვრების პრინციპი. თუ კათოლიკოსი ასეთ ადამიანებს დაინახავს, ჩრდილიდან გამოიყვანს და გვერდით დაიყენებს, დიდი ეროვნული საქმე იქნება. სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილი გიორგი მთაწმინდლის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებადაც სწორედ ამას მიიჩნევდა: `ქართული ეკლესიის წოდებრიობა დაარღვია, წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში უარჰყო და ადამიანის პირადი ღირსება წინ წამოაყენა, თანაც ეცადა ქართული ეკლესიისათვის დემოკრატიული მიმართულება მიეცა~. ფაქტობრივად, ეს იყო ქრისტიანობის დაცვისა და განმტკიცების უნივერსალური გზაც.
- თქვენ რას უსურვებდით ეკლესიის ახალ მწყემსთავარს?
- რასაკვირველია, ჩვენ, ყველას, ერთი სურვილი გვაქვს - ძლიერი ეკლესია, რომელიც ძლიერი სახელმწიფოს გარანტია. თანამედროვე ეკლესიაში ვერ ვხედავ ახალგაზრდობას, ეს დიდი გამოწვევაა. ტექნოკრატიამ, უსულო და უღმერთო ცივილიზაციამ ადამიანი გააუცხოვა საკუთარ თავთან, დაიკარგა შემწყნარებლობა, რწმენა, ერთგულება; რაღაც აპოკალიფსური სურათი იხატება. როგორც სახარება გვაფრთხილებს, ურჯულოების გამრავლების გამო გახმება სიყვარული მრავალთა. თუ ეკლესია შეძლებს, რომ უშურველი მოწყალების, სიკეთისა და სიმართლის, ერის ერთიანობის ნავსაყუდელი გახდეს, მაშინ ივერია ნამდვილად გაბრწყინდება. საქართველო ვერ გამთლიანდება, თუ ქართველებმა ერთმანეთის ნდობა და სიყვარული არ დავიბრუნეთ!
ვინც თუნდაც შორიდან მაინც იცნობს ახალ პატრიარქს, ადვილად შენიშნავდა, რომ მასში არის დიდი ასკეტიც, ყოველთვის „ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა, და სიმდაბლესა შეიტკბობდა“. ეს ყველას არ შეუძლია და ამის დაუანახაობა უსამართლობა იქნებოდა.
რაც შეეხება ჩემს პერსონალურ განცდას, პავლე მოციქულის სიტყვებით ვუსურვებ მის უწმინდესობას: „სახე ექმენ მორწმუნეთა სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა“.
ესაუბრა თემურ ჯგერენაია