აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალის პირასაა, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის საფრთხეს ქმნის.
ამის შესახებ Axios ამერიკელ, ისრაელელ და ახლო აღმოსავლელ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე წინადადება წარუდგინა, თუმცა ირანმა ისინი არ მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის დაკისრებული 10-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, ორშაბათს საღამოს იწურებოდა. თუმცა, პროგრესის არარსებობის გამო, ტრამპმა ვადა 20 საათით, სამშაბათ საღამომდე გაახანგრძლივა.
გამოცემის წყაროების ცნობით, შეთანხმების მიღწევის შანსი მომდევნო 48 საათში მცირეა.
თუმცა, ეს უკანასკნელი მცდელობა ომის ფართომასშტაბიანი ესკალაციის თავიდან აცილების ერთადერთი შანსია, რაც გულისხმობს ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიურ დარტყმებს და საპასუხო დარტყმებს სპარსეთის ყურის რიგ ქვეყნებში ენერგეტიკულ და გამტკნარების ობიექტებზე.
„კარგი შანსია, მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მე იქ ყველაფერს ავაფეთქებ“, - განუცხადა ტრამპმა Axios-ს.
ორი წყაროს ცნობით, ირანის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ფართომასშტაბიანი დაბომბვის ოპერატიული გეგმა სრულად მზადაა განსახორციელებლად.
დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ ინფორმირებული ოთხი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები პაკისტანელ, ეგვიპტელ და თურქ შუამავლებთან ერთად მიმდინარეობდა, ასევე ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.
მედიატორები მხარეებთან ერთად განიხილავენ ორეტაპიანი შეთანხმების პირობებს.
პირველი ეტაპი 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლის დროსაც ომის საბოლოო დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება.
მეორე ეტაპი იქნებოდა შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.
წყაროები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებში ირანის მთავარი კოზირები ჰორმუზის სრუტესა და მის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე კონტროლია.
ირანელები დროებითი ზავისთვის მათ სრულად დათმობაზე არ დათანხმდებიან.
„შუამავლები ცდილობენ დაადგინონ, შეუძლია თუ არა ირანს შეთანხმების პირველ ფაზაში ორივე საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივი ნაბიჯების გადადგმა. ისინი ასევე მუშაობენ იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია ირანისთვის იმის გარანტიების მისაცემად, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითი არ იქნება და ომი არ განახლდება. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ სურთ ღაზას ან ლიბანის მსგავს სიტუაციაში მოხვედრა, სადაც ქაღალდზე ცეცხლის შეწყვეტა არსებობს, მაგრამ აშშ-მა და ისრაელმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში ხელახლა შეტევა განახორციელონ“, - წერს გამოცემა.
ამასთან, ირანელი ოფიციალური პირები საჯაროდ კვლავაც ინარჩუნებენ უკიდურესად მკაცრ პოზიციას და უარყოფენ ნებისმიერ დათმობას.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება „არასდროს დაბრუნდება“ იმ მდგომარეობაში, რაც ომამდე იყო, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის.