ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რას კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დათმობს ეროვნულ ინტერესებს.
"რაც ყველაზე მთავარია, იცით, რომ სლოვაკეთში ვიზიტმა დაგვანახა ის, რომ სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რას კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, მაგალითად, ბრიუსელი. ვხედავთ, რას კადრულობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან მიმართებით, როგორებიც არიან სლოვაკეთი, უნგრეთი. ეს ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის. ამ პროცესში იმედისმომცემია სწორედ ისეთი ქვეყნები, როგორიც სლოვაკეთია. საჭიროა მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ჩვენმა საზოგადოებამ უფრო პრაგმატულად შეხედოს მიმდინარე პროცესებს და იმ სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს, რომელიც ევრობიუროკრატების ქმედებებიდან გამომდინარეობს.
ჩვენ არ ვამბობთ უარს, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავთ, ვხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა როგორ იბრძვის საკუთარი ინტერესების გამო. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რა გვსურს ჩვენ – ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ხედვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა. ამას ვერავინ შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.