იტალიის ქალაქ პარმასთან ახლოს, მდებარე მანიანი-როკას ფონდის კერძო მუზეუმიდან პიერ ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და ანრი მატისის რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ამის შესახებ BBC News იტყობინება.
ოთხი ნიღბიანი დამნაშავე ვილაში განთავსებულ მუზეუმში 22 მარტს შეიჭრნენ.
მათ წაიღეს რენუარის „თევზი“, სეზანის „ნატურმორტი ალუბლებით“ და მატისის აკვარელი „ოდალისკა ტერასაზე“, რომლებიც პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში იყო განთავსებული.
იტალიური მედიის ცნობით, ქურდობა დაახლოებით სამ წუთს გაგრძელდა.
განგაშის ამოქმედების შემდეგ, დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილი დატოვეს, ღობეზე გადაძვრნენ და გაუჩინარდნენ.
მანიანი-როკას ფონდში განაცხადეს, რომ დამნაშავეები „სისტემატურად და ორგანიზებულად“ მოქმედებდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განგაშის ამოქმედების გარეშე ისინი მეტ ძვირფას ნივთს მოიპარავდნენ.
BBC News-ის ცნობით, მოპარული ხელოვნების ნიმუშების ღირებულება, სულ მცირე, 9 მილიონ ევროდ არის შეფასებული - მხოლოდ რენუარის „თევზი“ სულ მცირე 6 მილიონი ევრო ღირს.