თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ თეირანი ომში დამარცხებას არ აღიარებს, აშშ ირანს „უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე ოდესმე“.
ამის შესახებ ქეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო ქმედებებს მშვიდობას ამჯობინებს.
თუმცა, მისი თქმით, თუ თეირანი უარს იტყვის თავისი დამარცხების აღიარებაზე, მას „ჯოჯოხეთი“ ელის.
„თუ ირანი არ აღიარებს დღევანდელ რეალობას - თუ არ შეეგუება, რომ სამხედრო მარცხი განიცადა და კვლავ აგრძელებს ამის განცდას - პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ირანმა უფრო მძიმე დარტყმა მიიღოს, ვიდრე ოდესმე... პრეზიდენტი ტრამპი არ ბლეფობს; ის მზადაა ჯოჯოხეთი მოუწყოს. ირანმა აღარ უნდა დაუშვას შეცდომა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საწვავის და ბენზინის ფასები ირანში აშშ-ის ოპერაციის დასრულებისთანავე დაეცემა.
მანამდე CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაუნდი შაბათ-კვირას, 28-29 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო დარტყმების ხუთდღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა, ხოლო 24 მარტს თქვა, რომ აშშ ირანთან დაკავშირებით „მოლაპარაკებებს აწარმოებდა“ და თეირანს „სურს შეთანხმების მიღწევა“.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს“.
ასევე, 25 მარტს, რამდენიმე ირანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელმძღვანელობამ უარყო აშშ-ის წინადადება ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების შესახებ დაგამოაქვეყნა მაღალი თანამდებობის პირის კომენტარი, რომ ირანი არ მიიღებს ტრამპის „15 პუნქტს“ და ამჟამად გადაწყვეტილი აქვს, თავად განსაზღვროს, როდის და რა პირობებში დაასრულებს ომს. „ირანი ომს მაშინ დაასრულებს, როდესაც თავად გადაწყვეტს ამის გაკეთებას და როდესაც მისივე პირობები შესრულდება“, - განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.