2008 წელს - საქართველოში, 2014 წელს კი ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები რუსეთთან, 2022 წელს მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს ევროპასთან თანამშრომლობა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ პარიზის საგარეო ურთიერთობათა სკოლაში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ ინვესტირება უნდა განახორციელოს საკუთარ უსაფრთხოებაში, თუმცა სამომავლოდ განხილულო უნდა იყოს რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რადგან გეოგრაფია არ შეიცვლება და რუსეთი ევროპის მეზობლად დარჩება.
"მაგრამ გვსურს, ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი", - დასძინა კოშტამ.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ გულუბრყვილოები. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული რუსულ გაზზე და უნდა დავიცვათ თავი რუსული საფრთხისგან. ეს ეგზისტენციალურია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მეტ დროს ვეღარ დავკარგავთ. ახლა ვიცით, რომ მსოფლიოს სხვა ძალებს, მათ შორის ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეებს, ზოგიერთ მათგანს ვეღარ ვენდობით, ამიტომ თავად უნდა ჩავდოთ ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მომავალში რუსეთთან ერთად უნდა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რადგან გეოგრაფიას ვერ შეცვლი და რუსეთი ჩვენს მეზობლად დარჩება. თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი და არა - საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. წლების განმავლობაში საფრანგეთი და გერმანია აწარმოებდნენ ე.წ. მინსკის პროცესს. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც, 2014 წელს ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან. საბოლოოდ, 2022 წელს ჩვენ მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს ევროპასთან თანამშრომლობა. რუსეთს არ სურს, პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ჰქონდა ძალიან მკაფიო მიზანი - უკრაინის სრული ოკუპაცია, კიევში მთავრობის შეცვლა და საფრთხის შექმნა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ეს არის რეალობა. ევროპას არ აურჩევია ეს, მაგრამ ვეღარ ვიქნებით გულუბრყვილოები. ვერ ვიქნებით დამოკიდებული რუსულ გაზზე და საჭიროა, დავიცვათ თავი რუსული საფრთხისგან. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა კოშტამ.