სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ოპოზიციურ პარტიებს “ომის პარტიები” უწოდა.
ალენ სიმონიანმა, კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებზე, რომ თუ მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ომი დაიწყება.
მისი თქმით, ამ სიტყვების უკან „ტაქტიკური, პოლიტიკური“ ხრიკი არ უნდა ვეძებოთ.
„მესმის, რომ ძალებს, რომლებიც ახლა [პარლამენტის] დარბაზში სხედან, და რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, სჭირდებათ, რომ ომზე ილაპარაკონ, რათა შემდეგ ამაზე რაიმე ააგონ პოლიტიკურად. მაგრამ ახლა ომი არ არის. ახლა მშვიდობაა. სომხეთის ახლანდელი მთავრობა - პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ - მშვიდობის პარტიაა, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალები არიან ომის პარტიები“, - განაცხადა სიმონიანმა.
მისი აზრით, „ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც აქვს ინფორმაცია და აკონტროლებს ყველა პროცესს, შეუძლია ასეთი პროგნოზის გაკეთება და ამის უფლებაც აქვს“.
„2020 წელს ომი იყო, რის შემდეგაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარი აღადგინეს. თუ ამის შემდეგ რომელიმე ძალა გამოჩნდება და იტყვის: „მე არ ვაღიარებ ჩატარებულ დემარკაციას და ვაპირებ 29,743 კვადრატული კილომეტრის მიღმა ტერიტორიების განხილვას“, მაშინ, ბუნებრივია, მე, როგორც პოლიტიკოსს და თქვენ, როგორც მოქალაქეებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ომი შესაძლებელია“, - აღნიშნა ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე.
თავად სპიკერი ეთანხმება ფაშინიანის მოსაზრებას, რომ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და ომს შორის.