"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა.
დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ, სუს-ში ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს.
დავითაშვილის ამ კომენტარს მალევე სუს-ის საგანგებო განცხადება მოჰყვა, რომელშიც უწყებამ დავითაშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მის მიერ მიცემულ ინტერვიუში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა. "ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა", - განაცხადა სუს-მა.