ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს გადამწყვეტად და მტკიცედ გამოიყენოს ძალა საკუთარი თავის დასაცავად და ეს შეუძლია ისწავლოს უკრაინის მაგალითზე.
ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიის, კერძოდ, ახალი დოქტრინის შემუშავების აუცილებლობას: „უზრუნველყოფილი იყოს, რომ ევროპა ყოველთვის შეძლებს თავისი ტერიტორიის, ეკონომიკის, დემოკრატიისა და ცხოვრების წესის დაცვას“.
„ყოველივე ამის შემდეგ, ეს არის დამოუკიდებლობის ნამდვილი მნიშვნელობა. გლობალური კრიზისების ფონზე ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.
ფონ დერ ლაიენმა მაგალითად უკრაინა მოიყვანა, რომელმაც, მისი თქმით, „აჩვენა, რომ ძალა და შეკავება, და საბოლოო ჯამში, სიცოცხლე, დამოკიდებულია სამრეწველო შესაძლებლობებზე“.
„როგორც უკრაინაში ამბობენ: „შეიცვალე ან მოკვდი“. ჩვენც უნდა მივიღოთ ეს კრედო. ჩვენ უნდა დავანგრიოთ მყარი კედელი სამოქალაქო და თავდაცვის სექტორებს შორის.
ევროპა ავტომობილების, აერონავტიკის ტექნოლოგიებისა და მძიმე ტექნიკის წარმოების ძლიერი ცენტრია. ჩვენ ეს ინდუსტრიები არ უნდა განვიხილოთ, როგორც წმინდა კომერციული, არამედ როგორც თავდაცვის ღირებულებათა ჯაჭვის საფუძველი.
უკრაინაში ბრძოლის ველიდან კიდევ ერთი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ, რაც ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიური ინდუსტრიების - ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, დრონებისა და კოსმოსის - ხელშეწყობას უკავშირდება.
ამ მიდგომით, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად შევავსოთ ჩვენს შესაძლებლობებში არსებული ხარვეზები. დრონები ყველაზე ცხადი მაგალითია. ისინი უკრაინაში ორივე მხარეს საბრძოლო დანაკარგების დაახლოებით 80%-ს აყენებენ. ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაჩქარებთ ინოვაციებსა და წარმოებას ამ სფეროში“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
ამ კონტექსტში მან ასევე მიუთითა კიევში არსებულ ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციების ახალ ოფისზე, რომელიც „აერთიანებს ევროპულ მასშტაბს უკრაინულ სისწრაფესა და გამომგონებლობასთან“.
და ამ მიდგომით, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად შევავსოთ ჩვენს შესაძლებლობებში არსებული ხარვეზები. ზოგი კითხულობს, „გვაქვს თუ არა ამის საშუალება?.“
მე ვამბობ: ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს არ გავაკეთოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ევროპაში გადაწყვეტილების მიღების ნელი ტემპი ახსენა და განაცხადა, რომ ცალკეული ქვეყნების მიერ გარკვეული ნაბიჯების დაბლოკვის მცდელობების დასაძლევად ევროკავშირი ერთსულოვანი კენჭისყრის ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერას უნდა დაეყრდნოს.