სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.6 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე (-0.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (2.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.3 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-4.8 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.