გულდასაწყვეტია, როცა სახელმწიფოს მეთაური ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს. მაია სანდუ ამას პირველად არ აკეთებს, საქართველოს მიმართ რადიკალური მიდგომებით ცნობილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს უტევდნენ, სანდუ წარმატებას უსურვებდა ადამიანებს, ვინც ძალადობრივ აქტს სჩადიოდა. ეს არაობიექტური ადამიანი საქართველოს საწინააღმდეგოდ ნებისმიერი ტრიბუნის გამოყენებას აგრძელებს მაშინ, როცა თავის ქვეყანაში სავალალო და კატასტროფული ვითარება აქვს. ნებისმიერი რეიტინგი, რომელიც ქვეყნდება, იქნება ეს ეკონომიკური ზრდის თუ კორუფციის ხარისხის თვალსაზრისით, მიუთითებს, რომ სავალო მდგომარეობა აქვთ. არც ერთ რეალურ ნაბიჯს იქ არ დგამს და ზრუნავს, როგორც განვითარდება საქართველო? მისი მხრიდან ეს ყოვლად წარმოუდგენელია. რუსეთთან გამოგონილი საფრთხე რომ არ არის, ამაზე არავინ აღარ დაობს. ყველა კარგად ვხედავთ, რუსეთი რა ტიპის შეტევებს ახორციელებს უკრაინაში, როგორ იბომბება ინფრასტრუქტურა, რა დანაკარგები აქვს უკრაინას. ასეთ ვითარებაში, რუსეთთან სამხედრო ავანტიურის გამოგონილ საქმედ წარმოჩენა არაობიექტურობის ის ხარისხია, რომელზეც აღარც კი ვიცი, რა ტერმინი დავასახელო. მაია სანდუს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ასე საფრთხედ თუ არ მიაჩნია, შეუძლია, თავად განახორციელოს თავის ქვეყანაში, თავისი არმიის მეშვეობით და ვნახავთ, რა შედეგები ექნება. ბრალს გვდებენ იმაში, რატომ არ ვართ ავანტიურისტები და სამხედრო, ეკონომიკურ ავანტიურას არ ვიწყებთ. ამას არ გავაკეთებთ, რაც რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას არ ნიშნავს. ნახეთ, სხვა ქვეყნების ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში და რაიმე მეტყველებს, რომ რუსეთია მთავარი ვექტორი საქართველოში თანხების ინვესტირების კუთხით, რომელიც რაიმე საოცარ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე? – ამას ის ხალხი ამბობს, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ, ლამის მთელი ენერგეტიკული კაპიტალი რუსეთს მისცა. საქმე გვაქვს ყალბი ნარატივების შექმნასთან. მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე მესაუბრება. ეს არის მატყუარა ადამიანის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, მაია სანდუმ განაცხადა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.