საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია, მას ნებისმიერი აქტის გამოცემა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაცია იყო დამატებით მოსაძიებელი, რაც მთავარია, შეწყალების აქტი გამოიცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი.
„შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი. ვერ გეტყვით რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ, თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა, რომ ერთი, ორი ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი. პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების აქტის გამოცემამდე ვინმესთან კონსულტაცია არც კი გაიაროს. შეწყალების აქტები პერიოდულად გამოდის და არ არის დაკავშირებული მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებთან. მომავალშიც იქნება ეს ჰუმანური აქტები, საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს თუ თვლის შესაწყალებლად, მომავალშიც არ იქნება გვიან ასეთი გამოცემა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
როგორც შარმანაშვილი აცხადებს, საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები კონსტიტუციურად პოლიტიკისგან მოწყვეტილი არიან, როდესაც ასეთი ტიპის აქტებთან გვაქვს საქმე.
„ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. გავყვეთ ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს. კონსტიტუციამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული, აპოლიტიკური აქტი, მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების სფერო და არა სხვა ვინმესი. ასეთ ვითარებაში უფრო მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე პოლიტიკური ანგაჟირების დროს. არავითარი მოლოდინები არ შექმნილა, უბრალოდ, უნდათ, ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ, პოლიტიკური დაპირპირებებისა და ურთიერთბრალდებების სფეროში გადაიტანონ. ეს ძალიან ცუდია და ხელს უშლის შიდა სამოქალაქო ინტეგრაციას საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში რა გვესმის? არ გცნობ, არ მინდა, პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ხარ საერთოდ, არ გცნობ და როგორც გინდა, ისე მოიქეცი, არ მაინტერსებს. ამავე დროს, უნდათ, შექმნან მოლოდინი, რომ ადამიანი, რომელიც არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ სურთ. იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება წესით აღარ უნდა შეიძლებოდეს. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს ამ აბსურდულობას და ამ დაპირისპირებების საკითხებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.