ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის გეგმები წარადგინა, რომელიც უკრაინისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
„ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა უკრაინაში, ამისთვის კი უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ დავფარავდით უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს - როგორც სამხედრო, ასევე საბიუჯეტო - 2026 და 2027 წლებისთვის.
შესაბამისად, დეკემბერში, ევროპის საბჭო დათანხმდა უკრაინის მხარდაჭერას სტაბილური და პროგნოზირებადი დაფინანსებით. და დღეს დილით კომისიაში ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო წინადადება ამ შეთანხმების განსახორციელებლად. ჩვენ უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს გამოვუყოფთ 2026 და 2027 წლებისთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ თანხების გამოყოფა განხორციელდება „გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში, ანუ 27 წევრი სახელმწიფოდან 24-ის მონაწილეობით“.
„ეს წინადადება 90 მილიარდი ევროს ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს.
ერთი მესამედი, ანუ 30 მილიარდი ევრო, ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება. 90 მილიარდიდან ორი მესამედი სამხედრო მხარდაჭერაზე მოდის, რაც 60 მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.