აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში, საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ სამხედრო ჩარევის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ СNN ორ მაღალჩინოსანზე და Air Force One-ს ბორტზე დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„სამხედროები ამ საკითხს იკვლევენ და ჩვენ რამდენიმე ძალიან ძლიერ ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენ გადამწყვეტად ვიმოქმედებთ. ირანი იწყებს ჩემი წითელი ხაზის გადაკვეთას... როგორც ჩანს, ისეთი ადამიანები დახოცეს, რომლებიც არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლიდერების დარქმევა,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს
წყაროების ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპს სხვადასხვა სამხედრო ინტერვენციის გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
წარმოდგენილი ვარიანტები ფოკუსირებულია ირანის უსაფრთხოების სამსახურების ნეიტრალიზაციაზე, რომლებსაც ირანის რეჟიმი ქუჩის საპროტესტო აქციების ჩასახშობად იყენებს.
პირდაპირი სამხედრო დარტყმის გარდა, თეთრი სახლი ზეწოლის ალტერნატიულ მეთოდებსაც განიხილავს.
ეს მოიცავს კიბეროპერაციებს ირანის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ უსაფრთხოების კომუნიკაციების ჩაშლის მიზნით, ასევე ახალი სანქციების შემოღებას ირანის ენერგეტიკული და საბანკო სექტორების წინააღმდეგ.
ცალკე განიხილება ირანელებისთვის შეუფერხებელი კომუნიკაციით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს მილიარდერ ილონ მასკთან ერთად განიხილოს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა, რათა მომიტინგეებს მთავრობის ცენზურის გვერდის ავლაში დაეხმაროს.
თუმცა, ადმინისტრაციაში შეშფოთება აქვთ ძალისმიერი სცენარის გამო.
ზოგიერთი მრჩეველი აფრთხილებს, რომ სამხედრო დარტყმებს შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს და მოსახლეობის დროშის გარშემო გაერთიანება ან თეირანის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო პასუხის პროვოცირება გამოიწვიოს.