ისრაელიდან 16 მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი" მათ ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის გეგმებს გააცნობენ. საუბარი შეეხება, აგრეთვე, კონფერენციებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის დაარსების 30 წლისთავის აღსანიშნავად.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის და „ისრაელის სახლის" დამფუძნებლის, იციკ მოშეს თქმით, წარმატებებიი მხოლოდ 24-საათიანი, თავდადებული და უწყვეტი მუშაობით მიიღწევა. 2026 წელი მნიშვნელოვანი წელია ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებისა და აღდგენისთვის, ასევე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად.
მედიას ცენტრალური როლი აკისრია ამ კავშირების ხელშეწყობაში, რომლის მიზანია რეალური საქართველოს და ისრაელის, მათი პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში.
იციკ მოშე შეეხო, აგრეთვე, წელს ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში დაგეგმილ კონფერენციასაც, რომლის ორგანიზატორებიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი" არიან.
“ჩვენ ვიმუშავებთ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაგროვდა ბოლო 7 წლის განმავლობაში, 2019 წლის პანდემიის შემდეგ. არის წარმატებებიც, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. შევიმუშავეთ ორმხრივი ტურიზმის ხელშეწყობის მექანიზმი. დეკემბერში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმზე წარმოვადგინეთ სამუშაო სქემა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან, ისრაელში ტურისტული ნაკადი. გასულ წელს ჩვენი მხარდაჭერით რამდენიმე მსხვილმა ქართულმა კომპანიამ, რომლებიც კვების ინდუსტრიაში მუშაობენ, მიიღო ქოშერის სერტიფიკატი. ეს კი მათ ახალი ბაზრების მოპოვებაში დაეხმარება. მჭიდროდ ვმუშაობთ სასტუმრო ბიზნესთანაც - ვაკავშირებთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდებთან,“- აცხადებს იციკ მოშე.
