კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 000- ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესადა ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.