ამ გზავნილებით, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა, ირღვევა ვიღაცის უფლებები, პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ზღაპრებს ჰყვებიან, კვებავს ჯერ კიდევ მილევად რადიკალურ ფრთას, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი და აღარაფერი. საცოდავ დღეში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირნათელია როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყანასთან მიმართებით, იცავს სამართლიანობის პრინციპებს და ეროვნულ ინტერესებს.
„ერთადერთი აღვნიშნავ, რომ გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი, რომ ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული იმდენად ჰყავთ იზოლირებული. მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პირნათელია როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის წინაშე ვართ პირველ რიგში პასუხისმგებელი. დღეს ეს უჭირთ ამ ქვეყნებს, საკუთარ ხალხს თვალებში ვერ უყურებენ. დარწმუნებული ვარ, მოსთხოვენ საკუთარ ხელისუფლებებს, რომ იყვნენ სამართლიანი და პირველ რიგში, ემსახურონ საკუთარ ქვეყნებს. გამოიკვეთა კიდეც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ტრადიციულად, უნგრეთი, სლოვაკეთი, დღეს ჩეხეთმაც ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა, სერბეთი. ეს სია გაიზრდება, დარწმუნებული ვარ. არ შეიძლება, ვინმეს თავი დაუხარო, მით უმეტეს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ამას კარგად გრძნობენ ის ქვეყნები, ზოგს უჭირს, ზოგს უძნელდება ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არის ყველაზე სწორი გზა და ეს არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.