სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებელი უკვე სომხეთისკენ მიემართება.
"მე მივესალმები მოვლენების ამ განვითარებას. კერძო კომპანიებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულმა მშვიდობამ შექმნა ამ ვაჭრობის პოლიტიკური პირობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, შეთანხმებები პოლიტიკურ დონეზეც იქნა მიღწეული, რომელთა შესაძლებლობებიც ორივე ქვეყნის ბიზნესსაზოგადოებებს ეცნობებათ და თუ შესაბამისი ინტერესი იქნება, გარიგებებს ახლავე მოაწერენ ხელს.
ამ მიმართულებით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების არსებობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.
„თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესმენები იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველყოფის ალტერნატიულ გზებს მოძებნიან, თუ ეს გარიგებები მათთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე აზერბაიჯანული მედია იტყობინებოდა, რომ საქართველო აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში მისი ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებისთვის სატარიფო ბარიერებს უქმნიდა.
ამის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტიის სომხეთში უფასო ტრანსპორტირების ბრძანება გასცა.
18 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ სომხეთში 22 ვაგონიანი მატარებლის გადაზიდვის დაწყების შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთში SOCAR AI-95-ის ბენზინი გადაიზიდება.