ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამჟამად არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.
ეს განცხადება მან პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„გასულ წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზის შეუქცევადობაზე. თუმცა, არსებობს პრაქტიკული ასპექტიც. ის მდგომარეობს იმაში, რომ რამდენიმე მოკავშირე პირდაპირ აცხადებს, რომ არ მისცემენ თანხმობას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ესენი არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, აშშ და სლოვაკეთი და შესაძლოა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო“, - თქვა რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ უნდა გამორიცხონ რუსეთის მხრიდან განმეორებითი თავდასხმა.
„ამჟამად, მათ (უსაფრთხოების გარანტიებს) სამი დონე აქვთ. პირველი არის უკრაინის შეიარაღებული ძალები. ისინი, რა თქმა უნდა, ისევე იმოქმედებენ, როგორც პოლონეთში და ნატო-ს ტერიტორიაზე ყველგან, ამ შემთხვევაში კი უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც თავდაცვის პირველი ხაზი გახდება. თავდაცვის მეორე ხაზი იქნება ის, რასაც „მსურველთა კოალიცია“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავითარებდა“, - თქვა რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესის მესამე ელემენტი იქნება. მან აღნიშნა, რომ აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, ვაშინგტონი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი გამხდარიყო.
„ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება კოლექტიური უსაფრთხოების პაკეტი“, - თქვა რუტემ.