„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა „საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლის დროს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებას, BBC-ის რეპორტაჟის საფუძველზე.
„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ეს გამოავლენს, თუ ვინ გასცა ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. საჯარო გამოძიება ასევე დაადგენს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების გვერდის ავლით.
რადგან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით, ხოლო „ქართული ოცნება“ უარს ამბობს პარლამენტის მექანიზმების გამოყენებაზე სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად, ფაქტების გამოვლენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა.