გახარია რომ არ ყოფილიყო 20 ივნისს, ბევრი თქვენგანი შეიძლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პარლამენტში, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.
"რაც შეეხება გახარიას მონაწილეობას დივერსიაში, ერთი რამ უნდა გახსოვდეთ - გახარია რომ არ ყოფილიყო 20 ივნისს, ბევრი თქვენგანი შეიძლება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პარლამენტში. დიახ, სწორედ გახარიამ გადაარჩინა 20 ივნისს ეს პარლამენტი შტურმისგან", - მიმართა ფარულავამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
გიგა ფარულავამ პარლამენტში წარადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ეხება.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის გამოკვლევის საგანი, სპეციალური საშუალებების გამოყენების მეთოდოლოგიის პარალელურად, უნდა შეეხოს თავად შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას - მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად არსებობდა რეალური სამართლებრივი საფუძველი აქციების შესაწყვეტად და რამდენად შეესაბამებოდა კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს დაშლის ღონისძიებების დაწყების პროცედურა.