საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის სკოლის მოსწავლეებსა და პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ქაღალდისა და მუყაოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტი გააცნეს.
მოსწავლეები და სტუდენტები ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საწარმოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნენ.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა 2“-ს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის, მუნიციპალიტეტს გადაეცა ქაღალდისა და მუყაოს შესაგროვებელი 1,100 ლიტრიანი კონტეინერები, ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანა, ქაღალდის და მუყაოს კომპაქტირებისთვის საჭირო ტექნიკა, ე.წ. „პრესი” და მექანიკური დამტვირთველი/ამწე. მომავალი წლიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დამატებით სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადაეცემა; საპილოტე პროექტი დაიწყება ფოთშიც.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ, გასული წლის განმავლობაში, განცალკევებულად, 240 ტონა ქაღალდი და მუყაო შეგროვდა, რომელსაც საქართველოში მომუშავე საწარმოები ნედლეულად გადაამუშავებენ, რის შედეგადაც მუყაოს ახალი ყუთები დამზადდება.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს