პოლიციამ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტები აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია გაათავისუფლა.
არსებული ინფორმაციით, ჩაჩანიძე და გოჩიტაშვილი გადამოწმების მიზნით ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი.
ნენე გაბლაია კი, როგორც მედიას შსს-ში განუცხადეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით დააკავეს.
რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს და 500 ლარის ჯარიმას და ცივი იარაღის კონფისკაციას ითვალისწინებს.
ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, პოლიციას მისთვის არ განუმარტავს რა მიზეზით აკავებდნენ, დალუქეს 4 მაისური წარწერით "რეჟიმი გვწამლავს" და 2 პულვილიზატორი.
"შეხვედრა გვქონდა "დროას" ოფისში, ვიყავით შეკრებილი როგორც პოლიტიკური პარტიის წევრები, ასევე აქტივისტები და ალბათ ეჭვი ჰქონდათ, რომ ნაძვის ხეს ვუქმნიდით საფრთხეს, ნაძვის ხის გახსნის თუ ანთების ცერემონიალს. არაფერი არ უთქვამთ დაკავების დროს, არაფერი განმარტება არ გაუკეთებიათ. უბრალოდ ჩამსვეს მანქანაში, მითხრეს, რომ იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, ეგ იყო პასუხი, მხოლოდ ამას ამბობდნენ, გადამიყვანეს თაბუკაშვილზე. იმ ოფისიდან ვინც გამოვედით რამდენიმე ადამიანი გაჩხრიკეს და 2 დაგვაკავეს. გადაგვიყვანეს, დიდხანს გაგვაჩერეს უბრალოდ განყოფილებაში.
ყველაზე სასაცილო რაც იყო, ჩანთაში ეძებეს ბევრი და ბოლოს დალუქეს 4 მაისური, რომელსაც ეწერა რომ "რეჟიმი გვწამლავს" და 2 პულვილიზატორი დალუქეს, ალბათ ჩათვალეს რომ ესეც შეუქმნიდა საფრთხეს ნაძვის ხის ანთებას.
რეჟიმი გვწამლავს, რეჟიმი რეჟიმია, რეჟიმი საშიშია, თუმცა აქ რუსთაველის გამზირზე ვართ ადამიანები, ვინც ვიცავთ ქვეყანას დიქტატურის დე ფაქტო გაფორმებისგან, იურიდიულად ივანიშვილის რეჟიმმა გააფორმა სამართლებრივად, კანონებით დიქტატურა...
დაშინების გამო გააკეთეს ეს თუ რაიმე საფრთხე აღკვეთეს არ ვიცი, ორ პოლიციელს დავეხმარე ვერ ლუქავდნენ, დავალუქინე ჩემი ხელით 4 ცალი მაისური, რომელსაც ეწერა სიმართლე, რომ რეჟიმი გვწამლავს, რეჟიმი რეჟიმია," - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ "ტვ პირველთან".