შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აამოქმედა პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს "მდიდარ უცხოელებს" 1 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაჩქარებული წესით მიიღონ "ოქროს ბარათი", რაც მათ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და გზას გაუხსნის მოქალაქეობის მისაღებად.
"ოქროს ბარათი" არის ეგრეთ წოდებული "მწვანე ბარათის" გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც იმიგრანტებს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებას ანიჭებს.
"ძირითადად, ეს არის მწვანე ბარათი, მაგრამ ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ძლიერი, გაცილებით ძლიერი გზა", - განუცხადა ტრამპმა ოთხშაბათს თეთრ სახლში თავმოყრილ ჟურნალისტებს.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ "ოქროს ბარათის" მიღების მსურველი უნდა იყოს "შესანიშნავი ადამიანი".
სოციალურ ქსელ Truth-ზე გამოქვენებულ პოსტში კი დაამატა, რომ "ოქროს ბარათი" უზრუნველყოფს პირდაპირ გზას მოქალაქეობისკენ ყველა კვალიფიციური ადამიანისთვის, რომლებიც მკაცრ შემოწმებას გაივლის.
დონალდ ტრამპის ამ გეგმის შესახებ პირველად წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. ამ დროისთვის, სპეციალური ვებგვერდი trumpcard.gov ამოქმედდა, სადაც მსურველებს უკვე შეუძლიათ აპლიკაციის შევსება. ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განმცხადებელმა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS) აპლიკაციის დაჩქარებული დამუშავებისთვის დამატებით 15 000 დოლარის მოსაკრებელი უნდა გადაუხადოს.
"15 000 დოლარის მოსაკრებლისა და 1 მილიონი დოლარის შენატანის სანაცვლოდ, განმცხადებლები Trump Gold Card-ით რეკორდულ დროში მიიღებენ აშშ-ში მუდმივ ბინადრობას", - ნათქვამია ვებგვერდზე.
ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკის თქმით, 10 000 ადამიანმა უკვე გაიარა წინასწარი რეგისტრაცია და ვარაუდი გამოთქვა, რომ პროგრამამ შესაძლოა მილიარდობით დოლარი მოიზიდოს.
უახლოეს მომავალში იგეგმება კორპორატიული ოქროს ბარათების პროგრამის ამოქმედება. ასევე, მოქმედებაში შევა ტრამპის „პლატინის ბარათის“ პროგრამა, რომლის ღირებულება 5 მილიონი დოლარი იქნება და განმცხადებლებს აშშ-ი ცხოვრებისა და მუშაობის უფლების გარდა, განსაკუთრებულ საადასახადო შეღავათებს შესთავაზებს.