ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რადიო თავისუფლებასთან კომენტარით პასუხობს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო ბოდიშის მოხდაზე.
„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საელჩოში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.
„ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს", - განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.