კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია გაიმართება, რომლის თემაა „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“.
სესიაზე, რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სათაო ოფისში (UNEP) ჩატარდება, 11 დეკემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი UNEA – 7 - ის ლიდერთა პანელზე სიტყვით გამოვა.
ღონისძიებას დაესწრება 44 ქვეყნის შესაბამისი დარგის მინისტრი, მათ შორის, ბელგიის, ფინეთის, ნორვეგიის, სლოვენიის, ნიდერლანდების, უნგრეთის, დანიის, თურქეთის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ყაზახეთის და სხვა, ასევე 30- ზე მეტი მაღალი რანგის წარმომადგენელი.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომიტეტის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლკეანთან, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, ბელგიის სამეფოს მობილობის, კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან ლუკ კრიუკესთან და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს გარემოსდაცვითი მიმართულებით სახელმწიფო მდივან ანიკო რაისზისთან, ასევე შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს