საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული კ.კ და 1980 წელს დაბადებული თ.დ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.
პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14 000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე, ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღო.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში, 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.