„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მას ჰკითეს, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სგან საგამოძიებო სიუჟეტში მიცემული კომენტარისთვის.
მისი თქმით, შეკითხვები ასევე შეეხებოდა მის განათლებასა და სამსახურს, ასევე "ოცნებასთან" დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს.
"გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი. ვისაუბრე იმაზე თუ ვინ ვარ მე, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს და სად ვმუშაობ. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. ასევე საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, და კიდევ ერთხელ ვისაუბრე, რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე, იმ განცხადებებზე, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით.
მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს, ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე გამოკითხვაზე, ვსაუბრობ ხოლმე ამას საჯაროდ, მედიაში. ამ ინტერვიუდან რამე ახალი ვერც მათ გაიგეს და რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორის, ისე ადგილობრივ მედიაში.
სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი არ ასახელებენ, არ ამბობენ რა იყო. შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ. ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებდა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია შსს-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია თუ რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ", - "ფორმულას" ცნობით, განაცხადა გიგაურმა.