ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემთვის ეს არ არის ახალი, სამწუხაროდ. სულ ახლახან იყო აშშ-ის პრეზიდენტის საჩივარი BBC-თან“ მიმართებით. ტრამპზე იყო დეზინფორმაციული მასალა და BBC-ის მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა. პარალელს გავავლებ – არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. გახსოვთ, BBC-იც, CNN-იც“, ყველა მედიასაშუალება, მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით, დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულ ექიმებს, ასე ვთქვათ ქურდულად უნდოდათ, თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ გაეკეთებინათ ყალბი ცნობები, თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო. გახსოვთ, მთელი რადიკალური ფრთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალ ის გარდაიცვლება და ა.შ. ვინმემ ბოდიში მოიხადა? 27 ელჩის პროტესტი გვახსოვს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ, საჯარო პროტესტი გამოაცხადეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თითქოს მძიმე მდგომარეობაში იყო და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. შემდეგ სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ბრძოლის ჟინით არის გამსჭვალული ყოფილი პრეზიდენტი. ვხედავთ, რა ხდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.