ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს აქცენტები გადაიტანოს, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ევროპულ პარტიაშია შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, ALDE-ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ALDE-ს აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან გავრცელდა..
„მარტივი სიყალბე გაავრცელეს. ALDE, მე მგონი, იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს ALDE და ამ დროს ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ ტელევიზიის“ მხრიდან. ეს მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ევროპულ პარტიაშია შექმნილი,“ - განაცხადა კობახიძემ.
„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ განაცხადა, რომ „ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან დღევანდელი BBC-ის გამოძიებით“.
ALDE აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
„მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.