მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ შეზღუდონ ისეთი აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული, - ასე ეხმიანება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი BBC-ის საგამოძიებო სტატიას.
"ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან BBC-ის დღევანდელი გამოძიებით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ევროკავშირის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა!
მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ პარტიებს და ოპოზიციას, რომლებიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ შეზღუდონ ისეთი აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული.
პროტესტის ბოლო 365 დღის განმავლობაში მამაცი ქართველი ხალხის გვერდით ვიდექით მათ ბრძოლაში დემოკრატიული, პროევროპული მომავლისთვის და ასე გავაგრძელებთ". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.