პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება. 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ იქნება. ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მიერ გამოცემული ახალი რეგულაცია, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებით.
1-ელი დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: სომხეთის რესპუბლიკა; ბელარუსის რესპუბლიკა; მოლდოვის რესპუბლიკა; უკრაინა.
საქართველოს მოქალაქეები ამოღებულ იქნენ ამ სიიდან.
ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე არსებული მექანიზმის მიხედვით პოლონეთში საქმიანობენ, მათთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. ასევე, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ბრძანების გამოქვეყნებამდე იყო წარდგენილი, კვლავ აქამდე მოქმედი გამარტივებული წესით განიხილება.
მანამდე, პოლონელ დამსაქმებლებს საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ბელარუსის მოქალაქეების დასაქმება გამარტივებული პროცედურით შეეძლოთ, რომლითაც მუშაობის ჩვეული ნებართვის აღება საჭირო არ იყო. ამისთვის დამსაქმებელი შესაბამის უწყებებს დეკლარაციას გადასცემდა, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეს 24 თვემდე პერიოდის განმავლობაში კონკრეტული სამუშაოს შესრულებას ანდობდა.
ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.