სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი, რომელთაც სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება ექნებათ, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმაზე საუბრობს.
კობახიძის თქმით, ოპტიმიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნება, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება 10 ათასს ლარს აღემატებოდეს.
აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც, რომელთა ანაზღაურება სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები იქნება
კობახიძის განცხადებით, ამჟამად არის ვითარება, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში პედაგოგები ლექციებს შეთავსებით კითხულობენ.
„სათანადო პირობები შექმნილი არ არის. შრომის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. ისეთ პირობებში, როდესაც სრული პროფესორის ხელფასი, კატეგორიების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-3 ათასი ლარია, რთულია კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი და ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი დააინტერესო, რომ უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე იმუშაოს. ამიტომ ხშირად ხდება როდესაც ადამიანები მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით - აკადემიურ სფეროში. ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და ერთ ადგილზე დგას.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება.
სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება ხელზე 10 ათას ლარს უნდა აღემატებოდეს. ეს ის ოპტიმალური მაჩვენებელი იქნება, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დამაგრების შესაძლებლობას მოგვცემს.
ოპტიმიზაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ სრული პროფესორის ნაწილში ასეთ ხელფასზე გავიდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.