გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
"ქალაქ ზესტაფონში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე განთავსებული იყო „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით 56 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.