„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო 6 წელში, ელიტური კორუფციის 271 სავარაუდო შემთხვევა დააფიქსირეს, სადაც „ქართული ოცნების“ 227-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მთავრობის წევრი, 40 დეპუტატი, 18 მოსამართლე და 72 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წელს ელიტური კორუფციის ახალი 48 სავარაუდო შემთხვევა აღვრიცხეთ.
„მხოლოდ 2025 წელს ელიტური კორუფციის ახალი 48 სავარაუდო შემთხვევა აღვრიცხეთ. საგამოძიებო უწყებები, რომლებიც რამდენიმე თვეა „ქართული ოცნების“ შიდა კლანური დაპირისპირებით არიან დაკავებულნი, არცერთი ამ შემთხვევით არ დაინტერესებულან.
2025 წელს გამოვლენილი ელიტური კორუფციის შემთხვევები შემდეგი შინაარსისაა: თანამდებობის პირების მიერ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტების დარიგება საკუთარი კომპანიებისა და ნათესავებისთვის; პოლიტიკური შემოწირულების სანაცვლოდ საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების დარიგება მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესისთვის; დაუსაბუთებელი ქონების დაგროვება და ქონების დამალვა, არ დადეკლარირება; თანამდებობის პირისთვის აკრძალული და დამალული სამეწარმეო საქმიანობა; უკანონო შემოსავლის ოჯახისგან მიღებულ საჩუქრად გასაღება; სამშენებლო ნებართვების მოპოვება კორუფციული გარიგების გზით; უკანონო მშენებლობა; სახელმწიფო უძრავი ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციის გზით; ბუნებრივი რესურსების მითვისება; კონკრეტულ პირებზე მორგებული კანონების მიღება; მოსამართლეებზე ზეწოლა ან სასამართლოს გამოყენება კორუფციული მიზნებისთვის; ნეპოტიზმი და პარტიული აქტივისტების ფიქციური დასაქმება სახელმწიფოს ხარჯზე.
კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო. მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს. საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.