„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.
მედიის ცნობით, ხასაიამ მოსამართლესა და პროკურორს სთხოვა განემარტა, როგორ მოახდენდა ის მოწმეებზე ზემოქმედებას, მან ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა თავისუფალი. როგორც ცნობილია, 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
"მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ",- თქვა ხასაიამ.
ამის შემდეგ, დაკავებულს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, მისი საქმის გარშემო ესაუბრა. „ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- განაცხადა მოსამართლე ხუჯაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.