სახელგანთქმული ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნახატი "ელისაბედ ლედერერის პორტრეტი" ნიუ იორკში გამართულ Sotheby’s აუქციონზე 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მედიის ინფორმაციით, 6 მყიდველი ნახატის შესაძენად 20 წუთის განმავლობაში იბრძოდა. მყიდველის ვინაობა არ გასაჯაროებულა.
აუქციონის სახლმა ნახატს თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი უწოდა. ის გახდა აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე მაღალი ფასის მქონე ნახატი. ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად, რომელიც აუქციონზე გაყიდულა ლეონარდო და ვინჩის "სალვატორ მუნდი" ითვლება. ის 2017 წელს 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ხელოვნებათმცოდნეების განმარტების, კლიმტის შედევრის ასეთ მაღალ ღირებულებას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ იგი არის სრულმეტრაჟიანი პორტრეტი, რომელიც მხატვრის შემოქმედების პიკში შეიქმნა. თითქმის ყველა მსგავსი ნამუშევარი უდიდესი მუზეუმების კოლექციებში ინახება. კლიმტის კიდევ ერთი ნახატი “ქალი მარაოთი” 2023 წელს ლონდონში 85,3 მილიონ ფუნტად გაიყიდა.
"ელისაბედ ლედერერის პორტრეტი" კლიმტის მდიდარი მფარველის, ავსტრიელი მრეწველის, ავგუსტ ლედერერის ქალიშვილს ასახავს. გოგონა, რომელსაც აცვია თეთრი კაბა იმპერიული ჩინური სამოსის ელემენტებით, აზიური მოტივებით გაფორმებული ლურჯი გობელენის ფონზეა გამოსახული.
ნახატი 1914-1916 წლებში, კლიმტის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ნახატის კონფისკაცია მოახდინეს, მოგვიანებით ის ლედერერების ოჯახს დაუბრუნდა.
ბოლო წლებში, ტილო ამერიკული კოსმეტიკური ბრენდს Estee Lauder-ის მემკვიდრის, ლეონარდ ალან ლაუდერის კოლექციის ნაწილი იყო. ის 2025 წელს გარდაიცვალა.