ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია, - ამის შესახებ „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალ;ურ ქსელში წერს.
„ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია.
ქვეყნის ეკონომიკაში ემიგრანტების გზავნილების წილი ძალიან მაღალია. ეს ხალხი არჩენს ქვეყნის დიდ ნაწილს, მაგრამ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა.
ადამიანების შესაძლებლობა, 4 წელიწადში ერთხელ ხმა მისცენ სასურველ პარტიას, თანამედროვე დემოკრატიებში ლამის ერთადერთი ბმაა სახელმწიფოსთან.
ოცნების პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დატოვებას აიძულებს, ახლა მათ უკანასკნელ პოლიტიკურ კავშირსაც ჩაუჭრიან. ოცნების ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს ემიგრანტებს სამშობლოს“,- წერს ვახუშტი მენაბდე.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ცვლილების თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ.