გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე „ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა – უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვანად დააზიანა.
მინისტრის მოადგილემ „ქუთაისის მუხნარში“ დარგვის აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით, ტერიტორიაზე 40-მდე იმერული სახეობის მუხის ნერგი დარგეს.
„ქუთაისის მუხნარის ტყე არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რაც ამ ტერიტორიაზე ტყის აღდგენას და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.
ეროვნული სატყეო სააგენტო „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები.
დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა. პერიმეტრი შეღობილია; თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა; სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.