აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის BBC-ს უჩივლებს დოკუმენტურ ფილმში მისი ტექსტის რედაქტირების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელმა ბოდიში მოიხადა.
BBC-მ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის ტექსტის რედაქტირებამ შემთხვევით შექმნა „ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ მოუწოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
კორპორაციამ ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, თუმცა განაცხადა, რომ ფინანსურ კომპენსაციას არ გადაიხდის.
„ჩვენ მათ ვუჩივლებთ, მოვითხოვ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციას. სავარაუდოდ, მომავალ კვირას... ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთო. მათ მოიტყუეს. მათ შეცვალეს ჩემი წარმოთქმული სიტყვები“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
საქმე ეხება BBC -ის დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც მედია აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული BBC -ის შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“.