გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად დამატებით თანხებს გამოყოფს.
„გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება“, - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე .
მისი თქმით, უკრაინის მოთხოვნების სიიდან გერმანია დააფინანსებს იარაღის სისტემებს, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. მისი თქმით, ეს არის სისტემები, რომლებიც მხოლოდ შეერთებულ შტატებში იწარმოება და რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება
„მე კონტაქტი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და ჩვენ დავპირდით, რომ მონაწილეობას მივიღებდით სულ მცირე 150 მილიონი ევროს ოდენობის შემდეგ პაკეტში. ჩვენ ამ სფეროში პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა პისტორიუსმა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიამ ოქტომბერში უკრაინას მიაწოდა ორი ახალი Patriot-ის ტიპის სისტემა. მისივე თქმით, მიწოდება კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდებოდა, რომ არა შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი.